Capture

გივი ფრანგიშვილი - სისადავის სიდიადე

ნაივური მხატვრობა საკმაოდ ცნობილია ხელოვნებაში. მასში მოიაზრება თვითნასწავლი მხატვრები (ზოგჯერ აკადემიური განათლებითაც) - ხალხის წიაღიდან გამოსული გულუბრყვილო ხელოვანები, რომლებიც განზრახ გამარტივებული, ძველს მიმსგავსებული, მიამიტური ფორმებით ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ იმ გულუბრყვილობასა და სისუფთავეს, რასაც გაქრობა ემუქრებოდა. ამ მიმართულებამ ევროპაში XIX საუკუნეში იმძლავრა და დღემდე გრძელდება. აღარაფერს ვიტყვით ჩვენს გენიალურ ფიროსმანზე, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო მხატვრობის კუთვნილებაა.

70-წლიანმა წითელმა რეჟიმმა, „პროლეტკულტურამ“, დაღი დაასვა ქართველ პრიმიტივისტებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ შეძლო ყველას „მოთვიენიერება“, ყველა ვერ და არ მოერგო სოციალისტურ სამოთხეს, დაამსხვრიეს ჩარჩოები და შექმნეს ჭეშმარიტი ნაივური ფერწერა, თუმცა დღეს, რატომღაც, მათ სახელებსა და შემოქმედებას ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება. რამდენიმე თანამედროვე პრიმიტივისტი მხატვარი მსოფლიო ნაივური ხელოვნების კატალოგში მოხვდა, მათ შორისაა გივი ფრანგიშვილი.




გივი ფრანგიშვილის გარეგნობაში გამოსჭვივის იმერელი კაცის ხასიათი, პეწი და კოლორიტი, მის შემოქმედებაში კი ხელოვანის სულიერი ხატი იკითხება. მხატვრობა მისი ცხოვრების არსი, სულის თვისება და „მარადიული დღესასწაულია“. მხატვრის ფერწერა ზოგადქართულია, საქართველოს კუთხეების ფერებით დაზოლილი და გაჯერებული. მთავარი თემები და ინტერესთა სფერო - რეალურ პიროვნებათა პორტრეტები, ქართული ყოფა, ტრადიციები.




ხელოვანის ფერწერულ ტილოებში შეიძლება ორი ნაკადი გამოვყოთ: იდილიური განწყობის მშვიდი კომპოზიციები მშვენიერი პერსონაჟებით, თუნდაც პატარა ლამაზი ხევსურები. სურათზე აქცენტი მათ ეგზოტიკურ სამოსსა და დეტალებზე კეთდება. ანდა: ქეიფიდან დაბრუნებულ მამაკაცთა მწკრივი შესანიშნავად გადმოცემული რიტმითა და პლასტიკით.




ზოგიერთი ტილო ერთგვარი ნოველაა, რომელშიც თავადაა დრამატურგი, რეჟისორი და შემსრულებელიც. მაგალითად, მრავალფიგურიანი კომპოზიცია ,,წისქვილთან”. დროდადრო მხატვრის შემოქმედებაში ტრაგიკული განწყობა, ტკივილიანი ჟამი და თანამედროვე საქართველოს მძიმე ყოფითი სურათები შემოიჭრება. თუნდაც ასეთი: სასადილოს ინტერიერი, ათიოდე ცისფერსუფრიანი მაგიდა სტუმრებით. მიმტანი ქალბატონი მობილურით საუბრობს. ყურადღება გამახვილებულია ინტერიერის ანტურაჟზე, სუფრის დეტალებსა და კედლის უსახურ რეპროდუქციებზე. ამ თემატიკითა და ფონით მხატვარს სათქმელი დიდი ტაქტით, სევდითა და ოსტატობით მოაქვს ჩვენამდე.




გივი ფრანგიშვილმა არა მხოლოდ ნაივურ ხელოვნებაში დაიმკვიდრა ადგილი, არამედ მისი შემოქმედება თანამედროვე ქართული ფერწერის ისტორიაში ჩაეწერა და მისი საინტერესო ნაწილი გახდა.

ბაია ასიეშვილი - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი რედაქტორი


ცნობილ სამტრედიელ მხატვარ გივი ფრანგიშვილს ესტუმრა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი მიმართულების ხელმძღვანელი გოჩა ბალავაძე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფოლკლორის ცენტრში მხატვრის პერსონალური გამოფენა.