1 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსენება გამოფენა „ხელნი ესე ჩემნი მსახურებდნენ უფალსა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დედა თამარისა და მისი მოსწავლეების, ოქრომკედით შესრულებული საეკლესიო და საერო 80-მდე ნაქარგი.
ქართული ხელოვნების ისტორიაში დეკორატიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს შორის ნაქარგობას (საეკლესიო და საერო) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ნაქარგობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეებს.
ახალი ერა ქართული მხატვრული ქარგვის ისტორიაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის კურთხევით, სამონასტრო ცხოვრების ტიპიკონში, ხელსაქმეს უდიდესი ადგილი დაეთმო.
სწორედ მისი უწმინდესობის დავალებით და კურთხევით ამ სფეროში თავისი მოღვაწეობა დაიწყო დედა თამარმა (ერისქალობაში ეთერ უროტაძემ), რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ეს გამოფენა.
მეუფე იოანეს დავალებით დედა თამარი საქართველოს სასულიერო აკადემიის სახელოსნოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
გამოფენა გაიხსნება 19 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 5 თებერვლამდე