მეგრული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება 8,9,10 ნოემბერს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში.
საქართველოს ქორეოგრაფებს, ქორეოლოგებს, მოცეკვავეებსა თუ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, დამატებით მიიღონ კვალიფიციურ ცოდნა და გამოცდილება, ეზიარონ მეგრულ საცეკვაო ფოლკლორს.
მეგრული ცეკვის პრაქტიკულ და თეორიულ კურსს გაუძღვება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი. პროექტში ასევე ჩაერთვებიან სამეგრელოდან მოწვეული სპეციალისტები: მაკა გვიჩია, რომეო ბულია და ვალერი სიჭინავა, რომლებიც წარმოადგენენ უძველესი დროიდან დღემდე შემონახულ მეგრულ საცეკვაო ფოლკლორს, შეასრულებენ სხვადასხვა ცეკვის უნიკალურ ნიმუშებს, მოახდენენ კუთხური დიალექტებით საცეკვაო ელემენტების დემონსტრირებას.
მასტერკლასებზე მოეწყობა უნიკალური ვიდეოჩანაწერებისა და ფოტომასალის ჩვენება, გაიმართება დისკუსია. სამდღიან მასტერკლასებში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მეგრული ცეკვის მასტერკლასი იმართება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ,,ქართული ხალხური ცეკვის მასტერკლასები და ექსპედიცია ხულოში (ქალაქური და მეგრული საცეკვაო ფოლკლორი/ქორეოგრაფიული ექსპედიცია ხულოში)“ ფარგლებში ამა წლის 6,7 და 8 ივნისს უკვე ჩატარდა ქალაქური ცეკვის მასტერკლასები.
დამსწრე აპლიკანტების სია