1

ანსამბლ „ელესას" მეორე აუდიოალბომის წარდგენა

30 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფონდმა „ქართულმა გალობამ" გამართა ანსამბლ „ელესას" მეორე აუდიოალბომის წარდგენა.

„ელესა" უპირატესად ტრადიციულ აჭარულ ნიმუშებს ასრულებს. მისი შემოქმედებითი ამოცანა მშობლიური კუთხის მარგალიტების მოძიება, შესწავლა და პოპულარიზაციაა, რომლებსაც ანსამბლის წევრები საარქივო ჩანაწერებიდან და ადგილობრივი ხანდაზმული მომღერლებისგან სწავლობენ. წლების მანძილზე „ელესას" რეპერტუარში აჭარული სიმღერის არაერთი იშვიათი ვარიანტი დამკვიდრდა. მათ საშემსრულებლო სტილს, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროსთან მაქსიმალური სიახლოვე განსაზღვრავს. ამასთან, ახალგაზრდები ცდილობენ, წინაპართა დანატოვარი საკადრისად წარმოაჩინონ. აჭარულისთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო მანერასა და ხასიათს კი მათი წარმომავლობა, ფესვებთან კავშირი ბუნებრივად განაპირობებს.


ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალურ და რეგიონულ ღონისძიებებში, რადიო და ტელეპროექტებში; გამოდის ფესტივალებზე, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე; კონცერტებით მოვლილი აქვს აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, პოლონეთი, ბელარუსი, კვიპროსი და თურქეთი.
„ელესა" არის აგრეთვე „წინანდლის პრემიის" მფლობელი (2014), საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი და მესამე ადგილის პრიზიორი (2015-2016 წწ.).