78555545_552865092158516_3561423814266978304_n

ანსამბლი ,,ნადური ფოლკლორის ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ თბილისში გრძელდება.

29 ნოემბერს 19:00 საათზე ცენტრის განახლებულ დარბაზში კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ანსამბლი ,,ნადური" გამართავს, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ 2 წლის ანიტას დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში - თანხა შეუგროვონ მას.

13497966_1756986891183725_835654729085270491_o

მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,ნადური" 2001 წელს წყალტუბოში ჩამოყალიბდა. ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, ჟღერადობის სიმწყობრითა და ბუნებრიობით. მათ რეპერტუარშია ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები - უმეტესად იმერული.

,,ნადურის" პირველი სოლო კონცერტი 2002 წელს წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ ივერიაში გაიმართა. სხვადასხვა დროს ანსამბლი მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო კონცერტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში.

ანსამბლი 2015-2016 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორგზის ლაურეატი და პრიზიორია: ნომინაცია ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი - III ადგილი, ნომინაცია ქართული ტრადიციული გალობა - I ადგილი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება.

მომდევნო კონცერტი 4 დეკემბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი“ წარდგება. პროექტი ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.