186477797_2945124239036645_3112924483540871279_n

ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიხსნა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში, ოზურგეთში, ლოტბარისა და კომპოზიტორის ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებისა და ღვაწლის პატივსაცემად, მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა წარწერით - ,,ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება". მემორიალური დაფა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ - ლალი სეთურიძემ გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილების ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი 8 აპრილს მიენიჭა.
გიორგი დონაძის სიტყვა ოზურგეთში, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნისას:
,,დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღეს აქ ბრძანდებით. ეს შენობა, სალოტბარო სკოლების გახსნა ბატონი ანზორის იდეა იყო... ბატონო ირაკლი, ასევე გიბრუნებთ მადლიერებას, თქვენ რომ არა, არც ეს უნიკალური შენობა და არც 27 სალოტბარო სკოლა არ ექნებოდა საქართველოს. სწორედ თქვენი მარდაჭერით მოხდა ამ ყველაფრის ინიცირება და განხორციელება. დიდი მადლობა ყველას, ქალბატონ თეას, რომელიც გვერდში გვიდგას ყოველთვის - ქართულ ტრადიციულ კულტურას განსაკუთრებით. ბატონ ანზორს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო... დღეს ქალბატონმა ლალიმ თქვა, რომ მე ერთ-ერთი გამგრძელებელი ვარ... ამ საქმეს ჰყავს უამრავი გამგრძელებელი - ეს არის ანზორ ერქომაიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება, დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ ტრადიციულ კულტურას და კერძოდ ქართულ სიმღერა-გალობას წლების მანძილზე გვერდში დაუდგება და ემსახურება. დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის - ბატონი ანზორის სახელი მიენიჭა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.“
ანზორ ერქომაიშვილი იყო უდიდესი ქართველი მოღვაწე. მის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მანვე მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა.


2001 წლის 18 მაისს, ქართული მრავალხმიანობა იუნესკომ აღიარა როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი. იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი ანზორ ერქომაიშვილი იყო. იუნესკოსთან საქართველოს თანამშრომლობის ისტორია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, სწორედ ქართული მრავალხმიანობის წარდგენით დაიწყო. 2008 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა შევიდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.
ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. მისი ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია.“
ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
დიდი ქართველი მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლოტბარი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.