11138621_1613142195568196_7316661628401416507_n

ანდრო სიმაშვილის საღამო

20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის ანდრო სიმაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ანდრო სიმაშვილი - მომღერალი, ლოტბარი, სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1923 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ართანაში. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი - ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. 1954 წლიდან ანსამბლ "ართანის" ხელმძღვანელობა მიხეილ სიმაშვილს დაეკისრა და ანდროც მხარში ედგა ძმას. 1981 წელს ანსამბლი "ართანა" მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, 1985 წელს კი - მოსკოვში გამართულ კომპოზიტორთა საკავშირო პლენუმზე მეორედ დაიმსახურა ლაურეატის წოდება. სწორედ ამ პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები. 2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა ანზორ ექომაიშვილის ხელმძღვანელობით, სალოტბარო სკოლები გახსნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, თელავშიც. თელავის სალოტბარო სკოლას 2001 წელს ანდრო სიმაშვილი ჩაუდგა სათავეში. 2002 წელს ანდრო სიმაშვილი მიიწვიეს პარიზში - ანსამბლ "ირინოლასთვის" ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად. 2003 წელს ანდრო სიმაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 2008 წელს ანდრო სიმაშვილს ფოლკლორის ეროვნული პრემია გადაეცა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2009 წელს მისი შემოქმედებით საღამოც გამართა და ორდისკიანი აუდიოალბომიც გამოსცა. ანდრო სიმაშვილი ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს დღემდე ასწავლის და ალავერდის ტაძრის მგალობელთა ანსამბლს ხელმძღვანელობს. მისი აღზრდილები თბილისისა და კახეთის ანსამბლების სოლისტები და ლოტბარები არიან.

საღამოს დაესწრებიან: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ფოლკლორული წრეების წარმომადგენლები.

კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლები თბილისიდან და კახეთიდან: ,,რუსთავი", ,,ბასიანი", ,,დიდგორი", ,,იალონი", ,,ჩაკრულო", ,,პატარა კახი" ,,წინანდალი", ,,ხეურო".