back

იყო კაცი მგალობელი

დიშერ გარაყანიძე დღეს 62 წლის გახდებოდა....


არიან ადამიანები, რომელთა შესახებ ძნელია წერო, არა იმიტომ, რომ სათქმელის ნაკლებობას განიცდი, არამედ პირიქით, აღარ იცი, როგორ გამოხატო სიტყვებით ის განსაკუთრებულობის შარავანდედი, რომელიც მათ ნათელ შუბლს ადგა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეპითეტები და მეტაფორები თავიანთ ხატოვან ფუნქციას ჰკარგავენ და ფუყე ბუტაფორიად იქცევიან. ასეთი პიროვნებების ამაღლებული სისადავისა და სულიერი არისტოკრატიზმის ფონზე ფერმკრთალდება ყოველგვარი, ხოტბა დითირამბები; მჭერმეტყველება დუმდება, რათა უსიამო რიტორიკად არ გადაიქცეს.


ედიშერ გარაყანიძე გაკვეთილებზე დიდ ბრიტანეთში, 1994 წელი

ასეთ პიროვნებაზე მიხდება წერა. ედიშერ გარაყანიძე არისტოკრატი გახლდათ სულიერადაც და ხორციელადაც. არისტოკრატიზმი ხომ, უპირველეს ყოვლისა სულიერების განსაკუთრებული თვისებაა და არა პრივილეგირებული წოდების აუცილებელი ატრიბუტი. თუმცა გვარიშვილობითაც და ოჯახური წარმომავლობითაც მართლად რომ საჩინო კაცი იყო:


გარაყანიძეთა გვარი მე-15 საუკუნიდან ჩანს მცხეთის მიდამოებში. აქ, სოფელ გალავანში, დღევანდლამდეა შემორჩენილი გარაყანიძეთა კარის ეკლესია და ციხე-გალავნის ნაშთები. სოფელი, როგორც სიგელ-გუჯრებით დასტურდება, სამშობლოს ღირსეული სამსახურისა და სვეტიცხოვლისადმი გაწეული ღვაწლის გამო უბოძებია მათთვის ზაქარია კათოლიკოსს მე-17 საუკუნეში. მეფეთაგანაც წყალობის არაერთი სიგელი რგებიათ გარაყანიძეებს, მამულისათვის თავდადებული სამსახურის ნიშნად.


ედიშერის პაპას - გიორგი ლუარსაბის ძეს გარაყანიძეს ორი სამხედრო სასწავლებელი ჰქონდა წარჩინებით დამთავრებული. იგი გამოირჩეოდა არამხოლოდ უაღრესად ფართო ერუდიციით, არამედ მტკიცე ზნეობრივი ნორმებითა და უკომპრომისო პრინციპულობით. 1913 წელს მან სასტიკი უარით უპასუხა მთავარსადლის ბრძანებას - სისხლში ჩაეხშოთ დაღესტნელთა აჯანყება. მან განაცხადა: - ,, მე სამხედრო ვარ და არა ჟანდარმი!“ ამის გამო იგი ციმბირში გადაასახლეს. შემდეგ კი, პირველ მსოფილო ომში, ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა ხელჩართულ ბრძოლაში.


ედიშერის ბებია - ოლღა გრიგოლის ასული კოტეტიშვილი-გარაყანიძისა ეკუთვნოდა კოტეტიშვილების იმ შტოს, რომელსაც ,,მღვდლიანთ“ - ს ეძახდნენ და გახლდათ ვახტანგ კოტეტიშვილის ღვიძლი ბიძაშვილი. ქალბატონი ოლღა ცნობილი იყო ფართო განათლებით. მას იტაცებდა ფილოსოფია და ფსიქოლოგია, ლოგიკა და მსოფლიო ლიტერატურა და ისტორია. მტკიცე ნებისყოფის გამო სანათესაოსა და ოჯახის სამეგობროში რკინის ქალის სახელი ქონდა გავარდნილი.


ედიშერის მამა - გიორგი გიორგი ძე გარაყანიძე უმაღლესი მუსიკალური და ტექნიკური განათლების მქონე ღრმად განსწალული პიროვნება გახლდათ. კომუნისტური რეჟიმის დროს იგი, არისტოკრატული წარმომავლობის გამო ათვალწუნებული, კონსერვატორიიდან გარიცხეს და იძულებული გახდა რუსეთში დაესრულებინა სწავლა-განთლება.


ედიშერის დედა - მარიამ ივანეს ასული გველესიანი ღრმად განათლებული, უაღრესად სათნო და მზრუნველი ქალბატონი, საინჟინრო საქმის შესანიშნავი სპეციალისტი, მეორე მსოფლიო ომში სრულიად ახალგაზრდა წავიდა მოხალისედ და ცეცხლის ხაზზე ხელმძღვანელობდა ხიდების მშენებლობას.


ედიშერს მეუღლეც ღირსეული შეახვედრა განგებამ-ნინო ბაღათურია განათლებით აღმოსავლეთმცოდნე-ენათმეცნიერი გახლდათ, ავტორი საყურადღებო კვლევებისა. მაღალი ზნეობითა და კეთილშობილებით აღსავსე ქალბატონი, გარდა იმისა, რომ იყო შესანიშნავი შვილების აღმზრდელი დედა, ღირსეულ მეუღლეობას უწევდა ედიშერს მუსიკალურ-პედაგოგიურ ასპარეზზეც. მან ედიშერთან ერთად ჩამოაყალიბა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია ,,ამერ-იმიერი“ , რომლისთვისაც შექმნა სპეციალური სასწავლო კურსი ,,სამშობლოსმცოდნეობა“ და ამ კურსს თავადვე უძღვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდიამ საერთაშორიო მნიშვნელობა შეიძინა: იგი 1994 წელს გერმანიაში ევროპის ბავშვთა საუკეთესო სტუდიად აღიარეს.


რაც დრო გადის, ედიშერის ტრაგიკული აღსასრულიდან უფრო მეტად ცხადდება ჩემთვის მისი საოცრად მთლიანი, ყოველმხირვ სრულყოფილი პიროვნება. როგორც ჩანს, მასში თავი მოიყარა წინაპართა ყველა გამორჩეულად საუკეთესო თვისებამ: სულიერმა დახვეწილობამ და ამაღლებულმა პატრიოტიზმმა, ლმობიერებისა და უკომპრომისობის იშვიათმა ნაზავმა, მუსიკალურმა ნიჭირებამ და თავგადადებულმა შრომისმოყვარეობამ, სიკეთის ქმნის დაუოკებელმა წყურვილმა და ადამიანური კეთილშობილების მრავალმა სხვა თვისებამ, რომელთა აღმნიშვნელი ცნებებიც კი დავიწყებულია ჩვენს პლასტმასურ-სინთეტიკურ ეპოქაში.


აღტაცებასა და მოწიწებას იწვევს ედიშერ გარაყანიძის საქმიანობის ფართო დიაპაზონი, მისი მოღვაწეობის უბრალო, მშრალი ჩამონათვალიც კი:


ეთნომუსიკოლოგი ანუ მუსიკოს-ფოლკლორისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი, საოცარი სიღრმის მეცნიერ-თეორეტიკოსი და უნაყოფიერესი პრაქტიკოსი, რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი და კონსულტანტი, ფოლკლორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი, სიონის გუნდის მგალობელ-რეგენტი, აღმოსავლეთის კულტურათა ინსტიტუტის თეოლოგიის დოქტორი. იგი 1994-1995 წლებში მიწვეულ იქნა გერმანიის ქალაქ რეგენსბურგის უნივერსიტეტში, სადაც მისი თაოსნობით მომზადდა საენციკლოპედიო სტატია ,,ქართული მუსიკა“.


სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს კემბრიჯის, ლონდონის, ედინბურგის, სორბონის, მარსელის, ჟენევის, კიოლნის და სხვა უნივერსიტეტებში. იგი იყო ლონდონის სამეფო თეატრის კონსულტატი, როდესაც იქ დაიდგა ,,კავკასიური ცარცის წრე“. უშუალოდ მისი დამსახურებაა ისიც, რომ მრავალმა უცხოელმა შეიყვარა და გაითავისა ქართული ხალხური მუსიკალური ხელოვნება. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა ედიშერის პროექტით შედგენილი წიგნი ,,99 ქართული სიმღერა“, რომელსაც წამძღვარებული აქვს მისივე წერილი ქართული სიმღერის შესახებ. წიგნი ედიშერის ნათელ ხსოვნას ეძღვნება.



სიჭაბუკიდანვე ბუნებრივად შეხამდა ედიშრის მოღვაწეობაში ორი სფერო - სწავლა და სწავლება. ეს კი ნიშნავდა: მცირე თუ დიდ ექსპედიციებს საქართველოს მთასა თუ ბარში, მეგობრობას ქართველ შემსრულებლებთან, ქართველ გლეხკაცთან. შობა-აღდგომის მახარობლად ჭონა-ალილოთი ფეხდაფეხ დავლილ ქართულ სოფლებს, ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილებსა და საგანმანათლებლო კონცერტებს ,,მთიებთან“ ერთად სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - საინგილოსა და ქვემო ქართლის სოფლებში... მის ანსამბლს შემთხვევით არ დარქმევია ,,მთიები“, რომელიც ,,ითქმის განმანათლებლად“ (საბა).


ცალკე აღნიშვნის ღირსია ედიშერის, როგორც კომპოზიტორის საქმიანობა, რომელსაც ასეთი თვალსაჩინო შეფასება მისცა კომპოზიტორმა, ბატონმა ბიძინა კვერნაძემ: ,,მე გაოცებული დავრჩი, როდესაც მოვისმინე ედიშერის შექმნილის მუსიკალური ნაწარმოებები. იგი ამ სფეროშიც ისეთივე ნიჭიერებითა და ღირებული მოღვაწეობით გამოირჩეოდა. რაც მთავარია, ეს უნიკალური, მრავალმხრივი ნიჭიერების მქონე არაჩვეულებრივი მუსიკოსი საკუთარი მელოდიის ავტორია“.


და ეს ყველაფერი ედიშერ გარაყანიძემ მოასწრო 41 წლის ასაკში. და რაც მთავარია, მოასწრო უდიდესი მისიის აღსრულება: სიმღერა თავისი ბუნებრივი კალაპოტისკენ შემოაბრუნა. ედიშერის მერე ჩამოყალიბებული თეორიული პრინციპების პრაქტიკული ცხოველმყოფელობის დასტურად იქცა მის მიერვე შექმნილი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მთიები“ - დღეს უკვე ედიშერის სახელობის ვაჟთა და ქალთა შერეულ ანსამბლად განვრცობილი, რომელიც კიდევ უფრო მეტი სისავსით წარმოადგენს ქართულ ფოლკლორს.


ამგვარი დიდი საქმეების კეთება მხოლოდ ედიშერისებრი მასშტაბისა და შესაძლებლობების ფოლკლორისტს შეეძლო, რომლის პიროვნებაშიც ბედნიერად იყო შენივთული ღვთით ბოძებული ნიჭიერება, გუთნისდედური შრომის უნარი, ქართული ხალხური მუსიკალური ხელოვნების უღრმესი ფესვების წვდომის ალღო და ზოგადსაკაცობრიო კულტურის საფუძვლიანი ცოდნა.


ყველაფერთან ერთად, ედიშერი, უპირველეს ყოვლისა სანიმუშო ქრისტიანი იყო: ეს ,,ნაჭედის სიმტკიცის“ ადამიანი საოცრად გულმოწყალე იყო და მეოხი. კაცი-სანთელი ვუწოდე ადრე მას, თავის ირგვლის ნათელის მიმომფინველი და იქვე დავსძენდი, რომ ედიშერი მაგონებდა გრიგოლ ხანძთელისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა ამალას ჩამორჩენილ მორჩილს, რომელიც უხმაუროდ, რუდუნებით ასრულებდა საღვთო საქმეს. მართლაც, დიდ ადამიანთათვის დამახასიათებელი თავმდაბლობით, ჩუმად, ყოველგვარი თვითრეკლამისა და ბაქიბუქის გარეშე აკეთა მან თავისი საკეთებელი. აკეთა ისე, რომ ვერ გატეხა ვერც ნივთიერმა შეჭირვებამ და ვერც შერყეულმა ჯანმრთელობამ.


მახსოვს, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის გამგემ, სულგანათლებულმა კუკური ჭოხონელიძემ მიმიწვია ხალხური სიტყვიერების კურსის წასაკითხად. აუდიტორიაში ბოლო მერხზე, სტუდენტების უკან ედიშერი შევნიშნე. სიცილით ვუთხარი:- შენ, დოცენტ კაცს, ლამის უკვე დოქტორსა და პროფესორს ამ პატარა გოგო-ბიჭებში რა გინდა - მეთქი. მეც მაინტერესებსო, - მორცხვად მითხრა. ამ სიმორცხვეს განსაკუთრებით იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მე მას ბიძად ვერგებოდი, მაგრამ მისგან არასოდეს მახსოვს ოდნავი ფამილარობა კი არა, ოდნავი შეთამამებაც კი. მეტსაც ვიტყვი, ერთხელ წერილი გადმომცა: ბატონო ვახუშტი, ეს წერილი მერე წაიკითხეთ, მასში იმას ვწერ, რასაც პირში ვერ გეუბნებითო. ასეთი მაღალადამიანური, სათუთი დამოკიდებულება ჩემდამი მე იშვითად მიგრძვნია ვინმესაგან ჩემს ცხოვრებში. ედიშერი თავის მეუღლესთან და 18 წლის ქალიშვილ მარიკასთან ერთად იმსხვერპლა ავტოკატასტროფამ 1998 წლის 5 სექტემბერს. დაკრძალული ბრძანდებიან თბილისში საბურთალოს პანთეონში. მინდოდა ეს ჩემი მოკრძალებული წერილი ტრადიციული ქრიტიანული ვედრებით დამესრულებინა: - ღმერთო ნათელში ამყოფე ედიშერისა და მისი ოჯახის წევრთა სულები- მეთქი, თუმც მკრეხელობად მეჩვენა. მამა-ზეციერმა უკეთ იცის, სად დაუმკვიდროს სასუფეველი თავის ღვთისნიერსა და წმინდა სამწყსოს.


ვახუშტი კოტეტიშვილის წერილი წიგნიდან - ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა - ედიშერ გარაყანიძე